logo
ENG



"ჩემი, როგორც კაცის, ვალია" - კალაძე ტრაგედიის შემდეგ ბავშვთან შეხვედრაზე

19 ოქტ 202212:16
3 წუთის საკითხავი
 
"ჩემი, როგორც კაცის, ვალია" - კალაძე ტრაგედიის შემდეგ ბავშვთან შეხვედრაზე

კახა კალაძემ მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი როგორც მერის, ასევე "როგორც ადამიანის, კაცის ვალია", მოინახულოს ყველა ადამიანი „ვისი მადლიერიცაა და ვინც ვაკის პარკის ტრაგედიით დაზარალდა".

კალაძე ასე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ერთ-ერთი მოზარდთან და მებაღე დევი მეზურნიშვილთან შეხვედრას, ვინც დაშავებული ბავშვები პარკის შადრევნიდან გამოიყვანა.

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო, ჩემი ვალი და ვალდებულებაა არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. კი, მე მოვინახულე და შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა“ - განაცხადა თბილისის მერმა. 

კალაძის თქმით, ის ასევე აუცილებლად შეხვდება სასწრაფოს ექიმს, მეგი ბანცაძეს, ვინც დაშავებული ლაზარე გადაარჩინა. მერი აცხადებს, რომ ასევე შეხვდება და მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა. 

თბილისის მერის თქმით, მომდევნო დღეებში მოინახულებს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ მეორე ბავშვსაც.  

„აქვე ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად ვესტუმრები მასაც“ - განაცხადა თბილისის მერმა.

 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

 

close დახურვა